English / ქართული / русский /
ლალი სრესელიმაია გონაშვილი
სტრუქტურული უმუშევრობის დაძლევის თანამედროვე გამოწვევები შიდა ქართლის რეგიონში (გორის მუნიციპალიტეტის მაგალითზე)

ანოტაცია. მდგრადი განვითარების #1 მიზანია სიღარიბის აღმოფხვრა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გზა უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდაა. დღეს ეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა, მათ შორის საქართველოსთვის, კონკრეტულად კი გორის მუნიციპალიტეტისთვის. ამ საკითხების შესწავლის მიზნით ჩვენ ჩავატარეთ კვლევა გორის მუნიციპალიტეტში  და გამო­კითხვის შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ უმუშევრობასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულების ძირითად ტენდენციებზე და უმუშევრობის შემცირების ერთ-ერთი გზის მეწარმეობის განვითარებაზე, პროფესიული გადამზადების საჭიროებასა და რაიონის ხელმძღვანელობის როლზე უმუშევრობის დაძლევის საქმეში .

საკვანძო სიტყვები: უმუშევრობა; უმუშევრობის დაძლევის გზები, დასაქმება; უმუშევრობის მიზეზები. 

ანალიზი

დღეს უმუშევრობის პრობლემა მთელ მსოფლიოში განიხილება, როგორც უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური მოვლენა. მდგრადი განვითარების მიზნებშიც პირველი ზუსტად სიღარიბის აღმოფხვრაა. ამასთან, ჩვენი ქვეყანა გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის პროცესში მთელი რიგი სოციალურ-ეკონომიკური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მათ შორის განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩევა დასაქმების და უმუშევრობის პრობლემა, სწორედ ამ პრობლემების სიღრმისეულად შესწავლასა და მეცნიერულად გააზრებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სოციალურ-ეკონომიკური პრიორიტეტების სწორად შერჩევა და ეფექტიანად ფუნქციონირებადი ეკონომიკის ფორმირება.

ეკონომიკის განვითარება ხასიათდება იმით, თუ რამდენად ეფექტურადაა გამოყენებული არსებული რესურსები, განსაკუთრებით სამუშაო ძალა. დასაქმების მაღალი დონის მიღწევა  სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა.  ეკონომიკური სისტემა, რომელიც ქმნის სამუშაო ადგილების დამატებით რაოდენობას, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი პროდუქტის რაოდენობის ზრდას და შესაბამისად მოსახლეობის მატერიალური მოთხოვნილებების მაღალ დონეზე დაკმაყოფილებას. ბუნებრივია, არსებული სამუშაო ძალის რესურსის არასრული გამოყენებისას სახელმწიფო ვერ აღწევს თავისი მწარმოებლური შესაძლებლობების ზღვარს.     

ისევე როგორც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, საქართველოშიც საბაზრო ეკონომიკა არასტაბილურად ვითარდება.   ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურულმა ძვრებმა, საკუთრების სხვადასხვა ფორმების არსებობის შედეგად წარმოშობილმა ახალი ხასიათის შრომითმა ურთიერთობებმა, მეტად გაამწვავა შრომითი რესურსების დასაქმების პრობლემა, სწორედ დასაქმების ამჟამინდელ მდგომა­რეო­ბაში იჩენს  თავს ყველაზე მწვავედ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემები და სოციალური წინააღმდეგობები. დღეს საქართველოში მოსახლეობის უმთავრესი პრობლემა — უმუშევრობა  ქვეყანაში სიღარიბის განმაპირობებელი მთავარი ფაქტორია. უმუშევრობა მაღალია როგორც ქალაქად, ისე სოფლად. საქართველო, ისევე როგორც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უმეტესობა, ეგრეთ წოდებულ სტრუქტურულ უმუშევრობას განიცდის. უმუშევრობის  განმაპირობებელ ძირითად ფაქტორთა შორის მთავარია მკვეთრი დისბალანსი სამუშაო ძალის მოთხოვნასა და მის მიწოდებას შორის.  პრობლემა განსაკუთრებით იკვეთება ცალკეული რეგიონებისა და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების მიხედვით.

მოსახლეობის შრომითი მოწყობა წარმოადგენს სოციალური პროგრესის საფუძველს, მოქალაქეების ინტერესებისა და ძირითადი მოთხოვნილებების რეალიზაციის ერთ-ერთ მთავარ პირობას.  მოსახლეობის ეფექტიანი დასაქმება, მათი სამუშაოთი უზრუნველყოფა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა რიცხვს განეკუთვნება. ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული უმუშევრობის მინიმუმამდე დაყვანაზე, შრომითი რესურსების ოპტიმალურ გამოყენებზე, შრომის ბაზრის თანამედროვე ცივილიზებული ფორმით ჩამოყალიბებაზე.  

დღეს საქართველოში  განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დასაქმების საკითხი, რომლის სტრუქტურაზე და ეფექტურობაზე (მწარმოებლურობაზე) მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის  ეკონომიკური განვითარების დინამიზმი. არასტაბილური ეკონომიკური პირობების და წინა პერიოდში ეკონომიკური ვარდნის გამო დასაქმების ხელშეწყობა და უმუშევრობის შემცირება ჩვენი მოსახლეობის  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სოციალური დამკვიდრების უმნიშვნელოვანესი  საშუალებაა.

როგორც მთლიანად ქვეყანაში, ასევე ქართლის რეგიონში, დასაქმების სფეროში არსებული მძიმე მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს შრომის ბაზრის ფუნქციონირებისა და ფორმირების რეგიონალურ თავისებურებებს.

უმუშევრობა, როგორც პრობლემა, დაკავშირებულია შრომითი რესურსების ეფექტურ გამოყენებასთან. უმუშევრობის დონე  ნაციონალური კეთილდღეობისა და ნებისმიერი ტერიტორიული ერთეულის სტაბილურობის, მთლიანად სოციუმისა და განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების ეფექტურობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ამიტომ უმუშევრობის, მისი არსის, თავისებურებების, მიზეზებისა და ფორმების შესწავლა,  ჩვენი აზრით,  თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი მეტად აქტუალური თემაა.

შრომის ბაზარი მოწოდებულია გადაწყვიტოს  დასაქმებისა და უმუშევრობის მნიშვნელოვანი  საკითხები, კერძოდ, გადაანაწილოს შრომითი რესურსები,  შექმნას მისი ეფექტურად გამოყენების პირობები და სტიმულები, აამაღლოს სამუშაო ძალის მობილობა, გააძლიეროს შრომის ეკონომიკური მოტივაცია, შეძლოს მოსახლეობის ადაპტაცია ცვალებად საბაზრო ურთიერთობებში, შექმნას პირობები კვალიფიციური კადრების ეფექტური წარმოებისა და აღწარმოებისთვის.

გლობალიზაციის პროცესით და საზოგადოების ინფორმატიზაციით განპირობებული მეურნეობრიობის ახალი პირობები განსაკუთრებულ მოთხოვნებს აყენებს სამუშაო ძალის ხარისხისადმი, გადამზადებისა და კვალიფიკაციის დონის მიმართ. ასეთ სიტუაციაში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს გორის მუნიციპალიტეტში ჩატარებული კვლევა, რომელიც ხასიათდება მთელი რიგი სპეციალობების მიმართულებით კვალიფიციური კადრების ნაკლებობით, რაც როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის პრიორიტეტულია.

უმუშევრობის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის  და ამ პრობლემის გადაწყვეტა განსაკუთრებით მწვავედ დგას დღეს გორის მუნიციპალიტეტის წინაშე.   შრომის ბაზარზე არასაკმარისი მოთხოვნის გამო არსებულ უმუშევრობას კიდევ უფრო ამწვავებს პროფესიებისა და კვალიფიკაციების მიხედვით სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა.  დასაქმების პრობლემების გადაჭრა ძირითადად ბიზნესსექტორის განვითარებაზეა დამოკიდებული, რომელიც, მიუხედავად ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობე­სებისათვის გატარებული მთელი რიგი რეფორმებისა, გარკვეული პრობლემების წინაშე დგას.  დღემდე პრობლემას წარმოადგენს დამსაქმებლისთვის  საჭირო პროფესიებისა და კვალიფიკაციის კადრის მოძიება. რეგიონები და ქვეყანა განიცდის მთელი რიგი   პროფესიული კადრების სიმცირეს. დამსაქმებელთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის დონით.  როგორია უმუშევრობის ზოგადი სურათი, რა მიზეზები განაპირობებს დღეს არსებულ უმუშევრობას? იწვევს თუ არა დასახელებული პრობლემები უმუშევრობის ზრდას? რომელ სექტორშია  დღეს დასაქმების შესაძლებლობა? როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება პროფესიული გადამზადების მიმართ?  როგორია მათი სურვილი თვითდასაქმების მიმართულებით?  იმისთვის, რომ დაგვედგინა, თუ რა გამოწვევებია გორის მუნიციპალიტეტის უმუშევრობის მიმართულებით, ჩავატარეთ კვლევა. კვლევის შედეგების განზოგადებისა და რეპრეზენტაბელურობისთვის დავადგინეთ და  განვსაზღვრეთ მიზნობრივი აუდიტორია.

ქვემოთ მოყვანილი ფორმულის საშუალებით განვსაზღვრეთ აპლიკანტთა რაოდენობა,  რომლის მიხედვითაც მივიღეთ 85 % სიზუსტითა და 6 % ცდომილებით 385 მოქალაქე.

 

კვლევა ჩატარდა მაის-ივნისში. აპლიკანტთა შერჩევა მოხდა ალბათური პრინციპით.  შევიმუშავეთ კითხვარი, რომელიც რამდენიმე ბლოკს მოიცავს: დემოგრაფიული მონაცემები, თავად საკითხის შესახებ ინფორმაცია და ა.შ.

 

გამოკითხვის შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ რეგიონში უმუშევრობასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულების ძირითად ტენდენციებზე. შედეგების მიხედვით შეგვიძლია შევაფასოთ მათი დამოკიდებულება მეწარმეობის განვითარებასთან დაკავშირებით, პროფესიული გადამზადების საჭიროებასა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის როლთან უმშევრობის დაძლევის საქმეში. გამოკითხულთა 57.7 % იყო მდედრობითი სქესის და 42.3% —მამრობითი სქესის წარმომად­გენელი.  მათი განათლების დონეც ძირითადად  მოდიოდა უმაღლესი,  საშუალო (35.2% და 34.7%) და შედარებით ნაკლები პროფესიულზე 19.6%.

კითხვაზე — თქვენი აზრით, რომელი პრობლემა აწუხებს ყველაზე მეტად გორის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობას? უმრავლესობამ (66.7 %-მა)  დაასახელა უმუშევ­რობა. 

 

ამასთან, საინტერესოა, რომ გამოკითხულთაგან დასაქმებული აღმოჩნდა 53.3 %, რომელთა ყველაზე მეტი წილი 35. 3% მოდის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულებზე.

კითხვაზე — თუ არ ხართ დასაქმებული, რატომ?   მიზეზებში ყველაზე მეტი წილი,  70.3%, პასუხობს — ვერ ვიშოვე სამსახური. მათგან უმრავლესობა (59.3%) თვლის, რომ მათი შრომითი უნარ-ჩვევები შეესაბამება თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს. ასევე 69.4 % თვლის, რომ გაივლიდა არაპროფესიული გადამზადების ტრენინგებს.  გამოკითხულთა  73.3%-ს მიაჩნია, რომ რეგიონში საკუთარი ბიზნესის დაწყებისათვის შესაბამისი პირობები არ არის, რისთვისაც  სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ყველაზე მეტი, 33.9% თვლის, რომ ამისთვის არასაკმარისია საწყისი  ფინანსების  რაოდენობა, ხოლო 29.8% უკმაყოფილოა ბანკების   მაღალი საპროცენტო განაკვეთით  კრედიტის აღების დროს. ასევე საინტერესო იყო  ამჟამად სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა და გამოკითხულთა ყველაზე მეტი პროცენტი კითხვაზე — არჩევანის შემთხვევაში სად დასაქმდებოდნენ? მხოლოდ 18.5 %-მა უპასუხა, რომ დარჩებოდა კვლავ სახელმწიფო  სტრუქტურებში, დანარჩენებმა კი ან საკუთარი ბიზნესის დაწყება (35.4%), ან თავიანთი სპეციალობით (26%)  მუშაობა მიუთითეს.

 

საინტერესოა პასუხი კითხვაზე — როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს რეგიონის ხელმძღვანელობამ უმუშევრობის დონის შესამცირებლად? — პასუხი თვალნათლივ ჩანს ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში.

 

პრაქტიკამ დაგვანახა, რომ ქვეყნების მდგრადი განვითარებისათვის  სულ უფრო მეტად საჭირო გახდა სახელმწიფოს მხრიდან კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბება და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მდგრადობას არა მხოლოდ კრიზისების პერიოდში, არამედ სტაბილური სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების პირობებშიც.

ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, შეგვიძლია დავადგინოთ, რომ უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდისთვის გორის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია და ჩვენი აზრით, საჭიროა:

  • სახელმწიფო მხარდაჭერა  რეგიონული ინფრასტრუტურის განვითარებისთვის;
  • ინოვაციებისა და ინვესტიციების ხელშეწყობა;
  • საბანკო კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება;
  • ხელშეწყობა საშუალო და მცირე საწარმოების შექმნის და მათში ადამიანების დასაქმების მიმართულებით;
  • ტურიზმის განავითარება;
  • ბიზნესის განვითარებისთვის  სათანადო პირობების  შექმნა;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციაში და ორგანიზაციული საკითხების მოგვერებაში მოსახლეობის დახმარება
  • ევროპული და მსოფლიო გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება და სხვა. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მდრადი განვითარების მიზნები, https://www.unicef.org/georgia/ka
  2. შიდა ქართლის განვითარების სტრატეგია 2014-2021 წწ.
  3. შიდა ქართლის ბიზნესკვლევა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის დოკუმენტი, www.shidakartli.gov.ge   /page=enterp8lang+geo
  4. დასაქმების პოლიტიკა განვითარების კონტექსტში,       https://socialjustice.org.ge 
  5. შრომის ბაზრის ანალიზი - 2022       http://www.lmis.gov.ge